Friday, February 1, 2013

ექვთიმე თაყაიშვილი - ი. ჭავჭავაძის შესახებ


ილია ჭავჭავაძე პირველად ვნახე ჩემი სტუდენტობის დროს, ვგონებ, როდესაც III კურსზე ვიყავი გადასული. კარგად კი არ მახსოვს, ასე 1885 წელს უნდა ყოფილიყო. ილია ქართული სათავადაზნაურო ბანკის საქმეზე ჩამოვიდა პეტერბურგში და ბინად ჩამოხტა ვასო მაჩაბელთან… ილია და ის ვასო მაშინ დიდი მეგობრები იყვნენ, ილია შვილებს უნათლავდა. ვასო ნაფიცი ვექილი იყო, ადვოკატი თავად მინგრელსკისა, რომელიც მაშინ პეტერბურგში ცხოვროდა. ვასო ქართველ სტუდენტებს ეხმარებოდა ხოლმე, ხელმოკლეთათვის ფულის შესაკრებად საღამოების მოწყობაში. ერთი ასეთი საღაოს შემოსავალი, სამი ათასი მანეთი სტუდენტებს ვასილის თანხმობით გადაედოთ, როგორც ხელუხლებელი თანხა და ხუმრობით “დარდუბლის კიდობანი” დაერქმიათ მისთვის. ის ფული თვით ვასილ მაჩაბელს ჰქონდა მიბარებული. იმ წელიწადს ვასილმა გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება, თავისი სახლის ლიკვიდაციას აპირებდა (მგონი, ნევის პროსპექტზე ცხოვრობდა) და წინადადება მოგვცა სტუდენტებს, იმ თანხასაც თან წავიღებ და შესანახად გადავცემო ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოაგდოებას, რომლის თავმჯდომარეც ილია ჭავჭავაძე არისო. სტუდენტებმა არ მიიღეს ეს წინადადება და მოითხოვეს, ფული პეტერბურგში დაეტოვებინა. მაშინ მაჩაბელმა უთხრა – წარმომადგენელი გამოგზავნეთ და ილია ჭავჭავაძის თანდასწრებით გადავწყვიტოთ ეგ საქმეო. სტუტენტობამ აგვირჩია და გაგვაგზავნა სამი კაცი: მიხაკო ღვდლიევი [მღვდლიაშვილი] (შემდეგ ჩვენი სენატორი რომ იყო), ალექსანდრე ლორთქიფანიძე (მერაბის ძე, იასონის და [მწერალ] ნიკოს უფროსი ძმა, იურისტი, მერე ქუთაისში ბანკირად იყო) და მე.
      
მივედით ვასო მაჩაბელთან და ილიაც გამოვიდა და გაგვეცნო. ილიას პირველად მაშინ შევხვდი და მისი დანახვისთნავე გამახსენდა, ძალაუნებურად, ჩემი ნათესავის კოწია თაყაიშვილის ნათქვამი ილიას გარეგნობის შესახებ. ეს თაყაიშვილი მეფის “კონვოი”-ში მსახურობდა უწინ, ალექსანდრე მეორის დროს; ახლო კავშირი ჰქონდა ქართველ სტუდენტობასთან, დიდი ლიბერალი და თან პატრიოტი კაცი იყო; კარგად იცნობდა ახალ ქართულ ლიტერატურას და თაყვანს სცემდა ილიას, როგორც მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს; ძალიან კარგად გვიკითხავდა ხოლმე მის “კაცია ადამიანს”, “გლახის ნაამბობსა” და სხვა ნაწარმოებებს. ილია დიდხანს არ ენახა პირადად, მხოლოდ ერთხელ მოეკრა თვალი ქუთაისის ბულვარში, სხვებთან ერთად, და დასდევნებოდა, რომ კარგად დაეთალიერებინა. მერე გვითხრა: “მრგვალი ტანითა და სისრულით მის მიერ აღწერილ თათქარიძეს ჩამოგავს, მაგრამ თვალები კი შესანიშნავი აქვსო”.

შეგვექმნა მსჯლეობა “დარდუბალის კიდობნის” გამო. ილია დიდხანს გვესაუბრა წერა-კითხვის საზოგადოების მიზნებისა და მათი განხორციელების გზების შესახებ და ბოლოს გვირჩია, თანხა იმ საზოგადოებისთვის გადაგვეცა – თუ შეწირულობად არა, შესანახავად მაინც. “აქ ეგ ფული უსათუოდ შემოგეხარჯებათ, ან არა და ქართველები ჩვეულებისამებრ, აიშლებით, დაიშლებით და დაგეკარგებათო!” აზრთა ხანგრძლივი გაცვლა-გამოცვლის შემდეგ შევთანხმდით, რომ ფული შესანახავად გადაეცემოდა წერა-კითხვის საზოგადოებას. ვასილ მაჩაბელმა პირადად წამოიღო თანხა, თბილისში რომ წამოვიდა, და დანიშნულებისამებრ ჩააბარა კიდეც. ოღონდ, ეტყობა, არ მოუთხოვია იმ თანხის ხელშეუხებლობა და საზოგადოებას ფული თავისი მიზნებისამებრ მოეხმარა. ყოველ შემთხვევაში, ჩემ დროს საზოგადოებას აღარ გააჩნდა ასეთი, ხელუხლებელი თანხა.
უნივერსიტეტი რომ გავათავე, თბილისში ჩამოვედი და ლათინური ენის მასწავლებლად დავდექი სათავადაზნაურო სასწავლებელში, რომელსაც მაშინ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე განაგებდა (ქუთაისშივე, გიმნაზისტობისას ჩემი კარგად მცნობი). ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ერთი თვეც არ გასულიყო, რომ ამბავი მოვიდა, სტავროპოლში დიმიტრი ყიფიანი მოკლესო. ეს იყო 1887 წლის 24 ოქტომბერს. ამან, რა თქმა უნდა, თავზარი დაგვცა ყველას და მთელი ქართველობა ააღელვა. გადაწყვიტეს, ჩამოესვენებინათ ცხედარი და საკადრისი პატივით დაემარხათ მთაწმინდაზე. ამის მოსაწყობად შედგა კომისია, რომელშიც, რა თქმა უნდა ილია ჭავჭავაძეც დიდ მონაწილეობას იღებდა.

ინფორმაციის წყარო: http://www.burusi.wordpress.com

No comments:

Post a Comment